სოფელ ხეთას საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა
17 ივნისი 2026
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში იმყოფებოდნენ, სადაც რეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერეს და განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
სოფელ ხეთას საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაასრულა. პროექტის ფარგლებში სკოლა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა და სრულად ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად მოეწყო თანამედროვე საკლასო სივრცეები, განახლდა საპირფარეშოები, მოეწყო სპორტული მოედნები და კეთილმოეწყო სკოლის ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის თანამედროვე სისტემები.
განახლებული სკოლა 435 მოსწავლეზეა გათვლილი. მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის შექმნილია უსაფრთხო, თანამედროვე და მათ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.
პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 4.17 მილიონ ლარს შეადგენს.